რუსული მედია პროპაგანდა აგვისტოს ომის დროს
"რუსეთი მოემზადა ომისთვის არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ იდეოლოგიურადაც. მისი კამპანია უხეში, მაგრამ ეფექტური იყო. სანამ რუსული ძალები საქართველოში ბომბებს აგდებდნენ, კრემლმა თავისი მოსახლეობა საბჭოთა სტანდარტებისთვისაც კი განსაცვიფრებელი პროპაგანდის კამპანიით დაბომბა." (The Economist, 2008)

  • როგორ შეაფასებდი რუსეთის ლიდერების ქმედებებს აგვისტოს ომში ?
- შენ იცი, რომ პოლიტიკაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვთვლი, რომ სამხედრო დაპირისპირების სიმძიმიდან გამომდინარე რუსული მხარის ჩარევა გარდაუვალი იყო. საფრთხე ხომ რუსეთის მოქალაქეებსაც ექმნებოდა.

  • რას ფიქრობ, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა თუ რუსეთი მესამე მხარეა ?
- კონფლიქტი აშკარად დაიწყო საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რუსეთი, ჩემი აზრით, მესამე მხარეა.

  • რა იყო ომის დაწყების მიზეზი ?
- ალბათ, ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს მთავრობასა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერი ეთნიკური კონფლიქტის მიზეზი საბოლოოდ ჩემი გადმოსახედიდან ამ ბაზისზე დაიყვანება.

  • ვინ არის აგვისტოს ომში დამნაშავე ?
- ვთვლი, რომ კონფლიქტის გაღვივებაში სამივე მხარეს მიუძღვის წვლილი. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსეთი ერთადერთი აგრესორია ამ კონფლიქტში.

  • მხარს უჭერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?
- ვფიქრობ, ნებისმიერ ხალხს უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება. თუ ოს ხალხს დამოუკიდებლად არსებობა სურს, ქართულმა მხარემ ამის უფლება უნდა მისცეს.
კლიმენტი ჩემი მეგობარია, რუსეთში ცხოვრობს. მაროკოში გავიცანით ერთმანეთი. უყვარს ფილოსოფია, ლიტერატურა, ენები. რუსეთ-საქართველოს ომზე ბევრი არაფერი წაუკითხავს. იცის ის, რაც გარემოდან ესმის, მის გარემოში კი, მხოლოდ ერთი ისტორიაა.
მედია-კამპანია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ახლდა თან, რუსეთის მიერ 2000 წლებიდან განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აგრესიული საინფორმაციო შეტევა იყო. აგვისტოს ომი იმაზე მეტად გაშუქდა, ვიდრე დუბროვკის თეატრზე ტერორისტული თავდასხმა, ან ბესლანის ტრაგედია. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ რუსეთის ხელისუფლება, დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდა ყველა მთავარ მედია საშუალებას, განსაკუთრებით იმ პოპულარულ სატელევიზიო არხებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ყურებადობა ჰქონდათ.
თუ ფრიდომ ჰაუსის გვერდზე შეხვალთ, დიდი ასოებით დაინახავთ რუსული პრესის გვერდით არსებულ სტატუსს "NOT FREE", ხოლო პოლიტიკური გარემოს ველში წერია: "მთავარ ეროვნულ საინფორმაციო დღის წესრიგს განაგებს კრემლი. ქვეყანაში 400-ზე მეტი ყოველდღიური გაზეთია, მაგრამ იშვიათად თუ გადაუხვევს რომელიმე ოფიციალურ ხაზს, განსაკუთრებით ეს ეხება კორუფციასა და საგარეო პოლიტიკას. " 1995 წლიდან რუსეთში მედიის თავისუფლების დონე თანდათანობით უარესდება და ამ მონაცემით ისეთი ავტორიტატული ქვეყნების გვერდით დგას, როგორებიცაა: საუდის არაბეთი, იემენი, ავღანეთი, ტაჯიკეთი და ა.შ.

რუსეთისთვის, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრისთვის, ყალბი ინფორმაციის გავრცელება აპრობირებული მეთოდია.
დეზინფორმაცია საბჭოთა დაზვერვის სამუშაო მეთოდიკის განუყოფელი ნაწილი იყო. 1950-იან წლებში, კგბ-ს დაბადებასთან ერთად, დეზინფორმაცია მათი პოლიტიკური ბრძოლის დოქტრინის აუცილებელი ნაწილი გახდა. როგორც კგბ-ს მთავარი გენერალი ოლეგ კალუგინი აღწერს, "აქტიური ქმედებები" გამოიყენებოდა ევროპელი, აზიელი, აფრიკელი და სამხრეთ ამერიკელი ხალხის თვალში დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დასასუსტებლად, და შესაბამისად, ომის დაწყების შემთხვევაში ნიადაგის მოსამზადებლად. (The Guardian, 2017) 50 წლის შემდეგაც, რუსეთის ხედვა "რბილი ძალის" შესახებ არ შეცვლილა, მხოლოდ 2010 წელს რუსეთის მთავრობამ საერთაშორისო პროპაგანდაზე 1,4 მილიარდი დოლარი დახარჯა (The Heritage Foundation). იდეა კვლავ უცვლელია - გააძლიეროს რუსეთის და შეამციროს აშშ-ს საერთაშორისო გავლენა. რუსული მედია-პროპაგანდა სწორედ ანტი-დასავლურ და ანტი-ამერიკულ გზავნილებზეა აგებული.


რუსული პროპაგანდის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად შეგვიძლია 2005 წელს, საინფორმაციო სატელევიზიო არხის - Russia Today - ს შექმნა მივიჩნიოთ. მას კონკურენცია უნდა გაეწია CNN-ისა და BBC-ისთვის, რადგან RT-მ ინგლისურად დაიწყო მაუწყებლობა. ეს სიახლე იყო რუსულ სატელევიზიო სივრცეში და ძლიერი იარაღი უნდა გამხდარიყო პუტინის ნაბიჯების გასაშუქებლად. თავდაპირველად არხმა 30 მილიონი დოლარი მიიღო მთავრობისგან, ხოლო, მაგალითად, 2008 წელს ეს რაოდენობა 150 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. RT არ არის ერთადერთი არხი, რომელიც "მთლიანად უჭერს მხარს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას", სია გრძელია იმ ვებ-პორტალების, ბეჭდური მედიის თუ სატელევიზიო არხებისა, რომლებიც კრემლის სამსახურში დგანან, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში.

რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით დიდი ხნით ადრე ემზადებოდა საქართველოზე თავდასასხმელად. ასევე იყო მედია-პროპაგანდის კუთხითაც - ჯერ კიდევ ივნის-ივლისის თვეში რუსულ მედიაში იწერებოდა იმ შინაარსის გზავნილები, რომლებიც შემდგომ უფრო ინტენსიურად ვრცელდებოდა. რუსული მედია-პროპაგანდა აგვისტოს ომში უმისამართო არ იყო და მის მთავარ მიზნებად შეგვიძლია გამოვყოთ :
1
რუსეთის წარმოდგენა გავლენიან ქვეყნად, რომელიც არის ძლიერი, თავდაჯერებული, აქვს კარგად განსაზღვრული ინტერესები და მზად არის მათ დასაცავად.
2
საქართველოს პროდასავლური მთავრობის სრული დისკრედიტაცია. - საქართველო წარმოდგენილი იყო ამერიკის ინტერესების გამტარებელ აგრესორ, მარიონეტულ სახელმწიფოდ, რომელიც არღვევდა საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებს. კონფლიქტის დასაწყისში, რუსული მედია მთლიანად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მის პოლიტიკას. თუმცა მოგვიანებით, რუსულმა მედიამ დაიწყო მთავრობის ქვეყნისგან ერთგვარი გამიჯვნა, უარყოფითი მესიჯები იგზავნებოდა მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილისაკენ, ხოლო ქართველ ხალხს მოიხსენიებდნენ კვლავ ძმებად.
3
საზოგადოების დაჯერება, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრება იყო შეუქცევადი, გარდაუვალი. ამის სადემონსტრაციოდ რუსული მედია სამხრეთ ოსეთს ხშირად მოიხსენიებდა, როგორც რესპუბლიკას.
4
რუსული საზოგადოების სიამაყის წამოწევა. ერთი მხრივ, პრემიერ მინისტრი პუტინი და პრეზიდენტი მედვედევი წარმოჩენილი იყვნენ, როგორც დაჩაგრული ერების წარმატებული დამცველები, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი გვესახებოდა ძლევამოსილ ქვეყნად, რომელსაც ამერიკისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო.

ამ კამპანიის განმავლობაში რუსეთს რამდენიმე სამიზნე აუდიტორია ჰყავდა, პირველ რიგში - რუსები და ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები, რომელთათვისაც აქცენტი კეთდებოდა პატრიოტიზმზე, ინტერვენციის გამართლებასა და მათ დარწმუნებაზე, რომ ჩართულიყვნენ კიბერ და პარტიზანულ ბრძოლაში. რუსული მედია საქართველოს ადარებდა ნაცისტურ გერმანიას და ასე ცდილობდა ქართული საზოგადოებისა და მთავრობის დემონიზებას რუსი მოსახლეობის თვალში. ამას გარდა, რუსული მედიის ერთ-ერთი სამიზნე იყო საერთაშორისო საზოგადოება. ამ შემთხვევაში ძირითად აქცენტს აკეთებდნენ კოსოვოზე, რომ თითქოს კოსოვოსა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევები იდენტური იყო.
სინამდვილეში, ისინი სრულიად განსხვავებული, საპირისპირო ქეისებია. სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი დიდი ხნის განმავლობაში ჩაგრავდა კოსოვოელ ალბანელებს - გააუქმა კოსოვოს ავტონომია, განახორციელა რეპრესიები, მათ შორის ეთნიკური წმენდა. ქართველები კი პირიქით, თავად გახდნენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი აფხაზეთში 90-იან წლებში. ალბანელები ჩამოცილებული იყვნენ სახელმწიფო მმართველობას, მაშინ როდესაც ჩვენ შემთხვევაში დაცული იყო პოლიტიკური რეპრეზენტაციის პრინციპი. ასევე განსხვავებულია მესამე მხარის როლი. მილოშევიჩის კოსოვოდან გასვლის შემდეგ, 1999 წელს, ნატოსა და ევროკავშირის ძალების მთავარი როლი რეგიონში სერბი უმცირესობისა და სერბების რელიგიური ადგილების დაცვა იყო. რუსეთს კი პირიქით, კავკასიაში მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს, რომელიც კონფლიქტების გაღვივებისკენაა მიმართული. რუსული მედიის კიდევ ერთი სამიზნე ქართული მოსახლეობა იყო. ამ შემთხვევაში კი, როგორც აღვნიშნე, პროპაგანდის მთავარ ადრესატებს საქართველოს მთავრობა და სამხედრო ხელმძღვანელობა წარმოადგენდა.
რუსული მედიის მიერ 2008 წლის აგვისტოში გავრცელებული მთავარი მესიჯები :
რუსული პროპაგანდისტული მესიჯები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ, ერთი მხრივ, ეს იყო გზავნილები "ექსპორტისთვის". თანამდებობის პირებმა დაიწყეს სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინების გამოყენება, მაგალითად, როგორიცაა "გენოციდი", "ეთნიკური წმენდა" და ა.შ. რუსი გენერლები ომის ყველა ასპექტის აღსაწერად მულტიმედიურ პროდუქტსა და გაჯეტებს იყენებდნენ. მეორე მხრივ, იყო გზავნილები "იმპორტისთვის". ამ დროს მთავარი აქცენტი სამხრეთ ოსეთში არსებულ "ჰუმანიტარულ კატასტროფაზე" კეთდებოდა.

ასევე მრავალფეროვანი იყო ტექნიკები, რომლებსაც ამ გზავნილების გასაჟღერებლად იყენებდნენ :
რუსული მედია კამპანია ხასიათდებოდა ვერბალური აგრესიის უპრეცედენტო რაოდენობით რუსი ოფიციალური პირების მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ პრეზიდენტი მედვედევი, პრემიერი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.

ამ აგრესიას თან ახლდა შეზღუდვები საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისთვის. ომის პირველ დღეებში, მოვლენათა გაშუქებაზე სრული მონოპოლია ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტელევიზიას - Vest24-ს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სისხლიან ჯარისკაცებს, შეშინებულ ლტოლვილებსა და დანგრეულ შენობებს აჩვენებდა.

არსებობს არა ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული მედია ცხინვალის რეგიონში ომის დაწყებამდე იყო მობილიზებული. რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში ჩეჩენი ფოტოგრაფრი, ცარნაევი, რომელიც როიტერსთან მუშაობდა, აღნიშნავს, რომ ის ცხინვალში 7 აგვისტოს ჩავიდა, სადაც მას "ჟურნალისტების მთელი არმია დახვდა".
სასტუმროში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იქ უკვე 48 ჟურნალისტი იყო. ჩვენი ჩათვლით 50.
მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც უცხოურ სააგენტოს წარმოვადგენდი. დანარჩენები რუსული მედიიდან იყვნენ, რომლებიც 3 დღით ადრე ჩამოსულიყვნენ, თითქოს იცოდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. მანამდე საზღვრის გადაკვეთისას, ჩვენ შევხვდით ერთ მამაკაცს, რომელსაც ცოლი და შვილები ცხინვალიდან გაჰყავდა.
— ცარნაევი
2008 წლის აგვისტოში, NY Times - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსები დასავლელ ჟურნალისტებს ძალიან ცოტა ან თითქმის არანაირი წვდომის საშუალებას არ აძლევდნენ რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ სოფლებზე, რაც შეუძლებელს ხდიდა სამხედრო მოქმედებების შედეგების გაშუქებას. ერთადერთი წყარო, რომლითაც დასავლეთს შეიძლებოდა ეხელმძღვანელა, ეს რუსული მედია იყო. ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში დიმიტრი სტეშინი, რუსული გამოცემის Komsomolskaya Pravda - ს ჟურნალისტი, რომელსაც რეგიონში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა, ამბობს, რომ "მათ უბრალოდ არ უნდათ თქვენ ნახოთ, რომ ყველა ქართული სახლი გადამწვარია."

პრემიერ პუტინისგან პერსონალური გაფრთხილება მიიღო "Ekho Moskvi"-მ, რუსეთში მაშინ მოქმედმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა რადიომ. 2008 წელს რადიო კრემლის ოფიციალური პოზიციიდან განსხვავებულ, კრიტიკულ მესიჯებს ავრცელებდა.

მე არ შემიძლია სამხრეთ ოსეთის რეჟიმს ვუწოდო სეპარატისტული. ვინ არის იქ სეპარატისტი ? სამხრეთ ოსეთის კგბ-ს უფროსი, ანატოლი ბარანოვი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო მორდვეთის რესპუბლიკაში (რუსეთი); შინაგან საქმეთა მინისტრი, მიხაილ მინძაევი, ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; თავდაცვის მინისტრი, ვასილი ლუნევი, სამხედრო კომისარი იყო პერმში (რუსეთი) ; უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ანატოლი ბარანკევიჩი, სტავროპოლის მხარის (რუსეთი) კომისარიატის ყოფილი მოადგილეა. და ვინ არის სეპარატისტი ოსეთის მთავრობიდან ?
იულია ლატინინა
ეხო მასკვის ჟურნალისტი
ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა კრემლისთვის. 29 აგვისტოს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, სადაც პრემიერი პუტინი მედიის წარმომადგენლებს ხვდებოდა კითხვებზე პასუხის გასაცემად, ეხო მასკვის წარმომადგენელს ალექსეი ვენედიქტოვს ერთგვარი მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართა:
" მე არ ვიცი ვინ გითხრათ ეს რაღაცეები (ის რასაც აშუქებთ). თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც რადიოში გადის. მე არ ვიცი ვინ არიან ისინი, მაგრამ მე ვიცი ვინ ხართ თქვენ ".
"თავიდან გვეგონა, რომ საომარი მოქმედებები აფხაზეთიდან დაიწყებოდა, მაგრამ 2008 წლის თებერვალში, რუსულმა სამხედრო გაზეთმა "ზვეზდა" დაწერა პატარა სტატია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, როკის გვირაბთან დამთავრდა თანამედროვე სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა. ნათელი გახდა, რომ ომი ოსეთიდან დაიწყებოდა."
ნინო ივანიშვილი - 2008 წელს როიტერსის ჟურნალისტი. 2009 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის წლის ჟურნალისტი გახდა.
თუ 2008 წლის აგვისტოს რუსულ მედიას გადახედავთ, უამრავ გადაუზუსტებელ ფაქტთან ერთად შეხვდებით რამდენიმე ამბავს, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად იმეორებდნენ :

გარდაცვლილია 2000 ადამიანი - გენოციდი
რუსული მედია უკვე 8 აგვისტოს წერდა, რომ საქართველოს ოპერაცია სამხრეთ ოსეთში გენოციდი იყო, რომელსაც 1400-დან 2000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქართული მხარის მოქმედებები სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი" – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 10 აგვისტოს და საჯაროდ დაავალა რუსეთის შესაბამის უწყებებს გენოციდის დანაშაულის გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საკუთარ ანგარიშებში უარყვეს 2000 სამოქალაქო პირის მკვლელობა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში 162 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
საქართველოს მიერ ოსების გენოციდი ევროკავშირის ომის ფაქტების დამდგენი სპეციალური მისიის კვლევის საგანიც გახდა. კომისიამ დაასკვნა, რომ „გენოციდს ადგილი არ ჰქონია".
ქართველებმა ცხინვალი გაანადგურეს
„Human Rights Watch"-ის წარმომადგენლის ანა ნეისტატის განცხადება 2008 წლის 14 აგვისტოს ბრიტანული გაზეთისათვის „The Guardian", რომელიც შემდეგ ორგანიზაციის ანგარიშშიც აისახა: „იმ სოფ­ლებ­ში (იგულისხმება ქართული სოფლები) სახ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, რუ­სე­თის მა­სობ­რი­ვი პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაცა­ა, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ახ­სე­ნებ­და გე­ნო­ციდს და მსხვერპლს აზ­ვი­ა­დებ­და. შემ­დ­გომ­ში სწო­რედ ეს გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბის არ­გუ­მენ­ტად".
წიგნში "აგვისტოს ნანგრევები" არა ერთი ინტერვიუა ჩაწერილი ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსები ქართულ სოფლებს ძარცვავდნენ და წვავდნენ. ეს ფაქტები აღწერილია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც. მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დროებითი კომიტეტის ანგარიშში: „მათი ასეთი მოქმედებები შესაძლებელია დავადასტუროთ დელეგაციის სოფელ ქსუისში ვიზიტით. სოფელი მთლიანად გაძარცული და დანგრეულია. დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ზოგან, მთლიანად სოფლებს ბულდოზერი გადაატარეს და თითქოს წაშალეს."
"ომის ზღაპრები"
ამ ფაქტების გარდა რუსული მედია ხშირად იყენებდა ე.წ "ომის ზღაპრებს", ანუ დაუჯერებელ ამბებს, რომელსაც მკითხველი განცვიფრებული უნდა დაეტოვებინა. მაგალითად, 8 აგვისტოდან რამდენიმე დღის შემდეგ რუსულმა პირველმა არხმა ემოციურად და დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსი მოქალაქეები საქართველოში დაიჭირეს და მათ ქართული არმიისთვის "ცოცხალ ფარად' გამოიყენებდნენ. "ომის ზღაპრები" ჟღერდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდანაც. ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა რუსულმა სააგენტომ "Ria-Novosti" გამოაქვეყნა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადება, სადაც ის იუწყებოდა, რომ ქართველები აღარ დარდობდნენ თავის მოსახლეობაზე და ისინი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას აპირებდნენ. ამ ქმედებას დიდი მსხვერპლი მოყვებოდა, ამიტომ ინფორმაციას, რომელსაც ფართო გაშუქება ჰქონდა რუსული მედიაში, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში შიში უნდა დაეთესა.
ხანდახან "ომის ზღაპრები" უფრო პატარა დეტალებს შეიცავდა, მაგალითად, "ქართველი ჯარისკაცები კლავენ რუს მშვიდობისმყოფელებს დანებით და ყვირიან :" ჩვენ არ შევებრძოლებით ოსებს, დავასახიჩრებთ რუსებს და ჩვენ ამერიკა დაგვეხმარება!" ეს ამბავი ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს ცხინვალის მაცხოვრებელმა შეძრწუნებით მოუყვა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით არასდროს ენახა. ზოგიერთი ისტორია თრილერის ჟანრის ფილმს გავს: "მათ (ქართველებმა) ესროლეს ქალს, ორ ბავშვთან ერთად. ერთ სოფელში გააუპატიურეს სამი გოგო, მოაჭრეს თავი, აკუწეს და შემდეგ დაწვეს. " ან შემდეგი - " ქართული სოფლები თვითონ ქართველებმა გადაწვეს უკან დახევის დროს."

ომის ზღაპრებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა სააგენტო "Pravda" (ქართ. "სიმართლე"). ქართველების მიერ ოსეთში ხალხით სავსე ეკლესიის გადაწვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ისტორია იყო. ეს ამბავი იმდენად პოპულარული გახდა, რომ Human Rights Watch-ის თანამშრომლებმა გადამოწმება გადაწყვიტეს. მათ მოინახულეს ყველა ის სოფელი, სადაც ამ ისტორიას ყვებოდნენ და საბოლოოდ, ვერაფერი იპოვეს ინფორმაციის დამადასტურებელი. (მარგარიტა ახვლედიანი, The fatal flaw: the media and the Russian invasion in Georgia)
ზოგადად, "ომის ზღაპრების" დანიშნულებაც ეგ არის - გაგაკვირვოს, შენი ყურადღება მიიქციოს. მონიტორინგის დროს ყველაზე ხშირად მხვდებოდა შემდეგი ამბავი : "ქართველებმა ოსეთში დაკრძალვის პროცესი დაბომბეს და ადამიანებმა ვერ შეძლეს თავიანთი ნათესავების მიწას მიბარება." ამ ისტორიაში, რომელიც უამრავი ინტერპრეტაციით დაიწერა, რა თქმა უნდა, არანაირი წყარო არ არის მითითებული.
ვინ მოიგო საინფორმაციო ომი?
რუსული მედიის ამგვარ ქმედებებს ხშირად მათი წარუმატებლობის მიზეზად აფასებენ. ხშირად ისმის კითხვა - ჩვენ მოვიგეთ ეს საინფორმაციო ომი, თუ იმათ, ისევე, როგორც ხშირია კამათი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ამ უკანასკნელ კითხვაზე ზუსტი პასუხი არსებობს, მაგრამ საინფორმაციო ომის წარმატება/წარუმატებლობის შეფასება სუბიექტურია. გვაქვს ობიექტური მონაცემებიც - დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კამპანია წარმატებული იყო რუსულ მოსახლეობაზე. ამას მოწმობს არა ერთი გამოკითხვა, რომელიც ომის შემდეგ ჩატარდა -
მაგალითად, 29 აგვისტოს VCIOM-მა (ერთ-ერთი უძველესი კვლევითი ინსტიტუტი რუსეთში) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 51% ამბობდა, რომ მათი განწყობა საქართველოს მიმართ ოსეთის ამბების შემდეგ გაუარესდა. 54% საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, 22% აშშ-ს, ხოლო 12% საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს თანაბრად. ამას გარდა, 59% მიიჩნევდა, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრის ვალდებულება ჰქონდა. ამავე პერიოდში ჩაატარა გამოკითხვა ლევადას ცენტრმაც, რომელიც არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის შედეგებით, გამოკითხულთა 70% ამბობდა, რომ სრულ თანხმობაში იყო მთავრობის ქმედებებთან და რომ "რუსეთის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი ომის ესკალაციის და სისხლისღვრის შესაჩერებლად."
მხოლოდ 4% საუბრობდა, რომ რუსეთის მთავრობამ ოსურ-ქართული კონფლიქტი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გააღვივა.
მეორე მხრივ, რუსული მედია პროპაგანდა გარკვეულწილად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოშიც. ბევრ ჩვენგანს კვლავაც ჰგონია, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ქართული მხარე პროვოკაციას წამოეგო, ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო და ა.შ. რაც შეეხება საერთაშორისო წარმატებას, დასავლური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ომიდან რამდენიმე დღეში უკვე საქართველოს აქტიურად უჭერდა მხარს. ცინიკურია, მაგრამ პუტინი ხშირად საუბრობდა, რომ რუსეთი სწორედ დასავლური პროპაგანდის მსხვერპლია.


წელს 10 წელი გავიდა ომიდან.
ამ თარიღს Russia Today-მ დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. შინაარსი კვლავ იგივეა, საქართველომ დაიწყო ომი და შემდეგ ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
რუსული პროპაგანდისტული მანქანა კვლავ მოქმედებაშია.
ავტორი - ნანუკა მიქელაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website